მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

WHO გამოჯანმრთელებულ პაციენტებში Covid-19-ის ხელახლა დადასტურების შემთხვევებს იკვლევს

Reuters

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO) განაცხადეს, რომ დაიწყებენ იმ შემთხვევების გამოკვლევას, როდესაც ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსი ხელახლა დაუდასტურდათ.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პაციენტების ტესტი ნეგატიური იყო და მათ გაწერას აპირებდნენ, თუმცა ხელახალი ტესტირების შემდეგ ვირუსი კვლავ დადასტურდა. სამხრეთ კორეაში მსგავსი უკვე 91 შემთხვევა არის აღრიცხული.

"ჩვენ ვიცით ამ შემთხვევების შესახებ და ექსპერტებთან ერთად ბევრს ვმუშაობთ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ როდესაც სინჯები ტესტისათვის გროვდება, ყველა პროცედურა სათანადოდ იყოს დაცული," - ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტის საავადმყოფოდან გაწერა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ორი ტესტი ზედიზედ, 24 საათის დაშორებით, აჩვენებს უარყოფით შედეგს.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა იწვევს მსგავს შემთხვევებს და რომ ეპიდემიოლოგები საკითხზე უკვე მუშაობენ.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, შესაძლოა ვირუსის ხელახლა გააქტიურება მოხდა და არა მისი ხელახლა გადადება.

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე ტესტის შეცდომასთანაც გვქონდეს. ნაწილი კი თვლის, რომ ამგვარად ხელახლა გამოვლენილ შემთხვევებში ვირუსი, შესაძლოა, აღარ იყოს საშიში და გადამდები.

სამხრეთ კორეაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 10,450 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 208 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 7,117.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,621,756-ს აღწევს, დაიღუპა 97,185 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,263.

კომენტარები