აშშ - საქართველო - რუსეთი

აშშ: რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადაწევას ვგმობთ, დაასრულეთ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია

მორგან ორტაგუსი
GETTY IMAGES

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა, რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაასრულოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია.

"აშშ რუსეთის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ძალების მიერ "ბორდერიზაციას" გმობს. ჩვენ ვაახლებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია დაასრულოს, 2008 წელს [დაკისრებული] ვალდებულებები შეასრულოს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და შეუფერხებლად დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება," - წერს მორგან ორტაგუსი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნული Tweet-ით თბილისში აშშ-ის საელჩოს მიერ 27 მაისს გავრცელებული განცხადებაც გააზიარა, სადაც საელჩო საოკუპაციო ხაზთან "ბორდერიზაციის" პროცესთან და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ 28 მაისს ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა, ვენაში მუდმივმოქმედი საბჭოსადმი მიმართვაში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა:

"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო კომენტარს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წასვლის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია. ეს ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა. კომენტარი გაკეთდა სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა".

კომენტარები