სამშენებლო სექტორი

ბედინეიშვილი: მთავრობა ცდილობს, არჩევნებამდე დეველოპერების მხარდაჭერა მოიპოვოს

ტაბულა

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი ტაბულასთან საუბარში მთავრობის სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმას აფასებს.

ბედინეიშვილის თქმით, მთავრობის გეგმა მისთვის მიუღებელია როგორც ეკონომიკური, ისევე სამართლიანობისა და პოლიტიკური თვალსაზრისით.

ფინანსისტს მიაჩნია, რომ ეკონომიკური კუთხით, გეგმას სათანადო მასტიმულირებელი შედეგი ვერ ექნება და 434 მილიონ ლარიანი პროგრამა "ფულის გადაყრა" იქნება იმ პირობებში, როცა ამგვარი გრძელვადიანი სუბსიდირების პროექტები ნაკლებადაა მიზანშეწონილი.

ამასთან, გიგა ბედინეიშვილის აზრით, სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმაზე საუბრისას "კითხვები ჩნდება სამართლიანობასთან დაკავშირებით". როგორც ის ამბობს, ბინის შეძენის შესაძლებლობა საშუალო და მაღალი ფენის წარმომადგენლებს თუ აქვთ, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა ხდებოდეს მათი სესხების სუბსიდირება შედარებით ღარიბი მოსახლეობის ჯიბიდან.

ბედინეიშვილის შეფასებით, პროგრამა კრიტიკას იმსახურებს მესამე, პოლიტიკურ დონეზეც. მისი თქმით, ესაა "მცდელობა, მთავრობამ არჩევნებამდე დეველოპერებს უკბინოს" და მათი მხარდაჭერა მოიპოვოს.

"ეს სექტორი თავისი ბუნებით ახლოსაა მთავრობასთან", - ამბობს ის, - "სამშენებლო კომპანიამ ნებართვა უნდა აიღოს, რისთვისაც მერიასთან თბილი ურთიერთობა მნიშვნელოვანია".

გიგა ბედიეშვილის თქმით, სამშენებლო სექტორი "ყველა მთავრობის ხელში კორუმპირებული იყო" და ამჯერადაც ასეულობით მილიონი ლარის სუბსიდიების სანაცვლოდ, მმართველი ძალა სექტორისგან მსხვილ შემოწირულობებს მოელის წინასაარჩევნოდ.

დღეს, 28 მაისს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სამშენებლო სექტორის დამხმარე გეგმა წარადგინა.

პაკეტის ჯამური ღირებულება 434 მილიონი ლარია და ის შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე, იპოთეკურ სესხებზე გარანტიას გასცემს, დევნილებისთვის დაგეგმილზე სამჯერ მეტ ბინას შეისყიდის და დააზღვევს მიმდინარე მშენებლობების დასრულებას.

კომენტარები