ეკონომიკა

მკაცრი ზომების მიღებაზე უარის მიუხედავად, შვედეთის მშპ შესაძლოა 7%-ით შემცირდეს

კორონავირუსთან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის მიუხედავად, შვედეთის ეკონომიკა მძიმე ეკონომიკური რეცესიის ფაზაში შედის. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. 

შვედეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აპრილში უმუშევრობა 7,9%-მდე გაიზარდა, რაც მანამდე პროგნოზირებულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. უმუშევრობის დონე კიდევ უფრო მაღალია დასაქმების სეზონური ფაქტორის გამოკლებით და 8,2%-ს შეადგენს. 

გამოცემის ანალიტიკოსის, იოჰანა იენსონის პროგნოზით, თუ უახლოეს პერიოდში სამომხმარებლო მოთხოვნა არ აღდგება, უმუშევრობა შესაძლოა 17%-მდე გაიზარდოს. 

უმუშევრობის ზრდის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლება შრომის კოდექსის ცვლილებას განიხილავს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის პროცედურებს გაამარტივებს. ინიციატივისთან დაკავშირებით უკმაყოფილება უკვე გამოთქვა პროფკავშირებმა და ოპოზიციამ. ისინი ცვლილების მიღების შემთხვევაში პრემიერმინისტრ სტეფან ლევენს უნდობლობის ვოტუმით დაემუქრნენ. 

შვედეთმა ვირუსთან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია აირჩია და აქცენტი ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაზე გააკეთა. სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანას თითქმის არ დაუწესებია მკაცრი შეზღუდვები სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაზე, მუშაობა გააგრძელეს კვების ობიექტებმა და სასწავლო დაწესებულებებმა. ამის მიუხედავად, მიმდინარე წელს შვედეთის ეკონომიკა შესაძლოა 7%-ით შემცირდეს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვედეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსული ინფექციის 33 800 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4 000 პაციენტი.

კომენტარები