26 მაისი

ევრ. საქართველო დამფუძნებელი კრების სამუშაო დარბაზის რესტავრაციის ინიციატივით გამოდის

ტაბულა

ევროპული საქართველო იმ დარბაზის რესტავრაციის ინიციატივით გამოდის, რომელშიც საქართველოს დამფუძნებელი კრება მუშაობდა. 

პარტიის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, მომავალში პარლამენტის საზეიმო სხდომები სწორედ ამ დარბაზში უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, რესტავრაცია უნდა გაკეთდეს ისე, რომ ამჟამინდელი ფუნქციაც, შეძლებისდაგვარად, არ მოიშალოს. 

"ისეთი ისტორიული საერთაშორისო სამართლის აქტების რატიფიცირება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება, როგორიც არის საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება,  უნდა მოხდეს საქართველოს დამფუძნებელი კრების აღდგენილ დარბაზში", - ამბობს კანდელაკი. 

26 მაისს ევროპულმა საქართველომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან პირველი რესპუბლიკის ისტორიული მოვლენების ფოტო-გამოფენა მოაწყო. ასევე გამოფენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების რეპრესირებულ და დახვრეტილი დეპუტატების სურათები.

1921 წლის მარტში დამფუძნებელი კრების 139 დეპუტატიდან, ემიგრაციაში 31 წავიდა, საიდანაც საბჭოთა რუსეთმა ორი მოკლა. ქვეყანაში დარჩენილი 108 დეპუტატიდან კომუნისტურმა რეჟიმმა 51 სიკვდილით დასაჯა, 42 სხვადასხვა დროს იყო რეპრესირებული.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი და რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.

კომენტარები