ფრენები

თურნავა: ჩეხეთი იქნება ერთერთი პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ტურისტულ მიმოსვლას აღვადგენთ

საქართველოს მთავრობა

"ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან, შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ეკონომისკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

ნათია თურნავას თქმით, ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ.

"პანდემიამდე საკმაოდ მზარდი იყო ჩეხეთიდან ტურისტული ნაკადები. რაც მთავარია, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდნენ. დღესაც ჩეხეთში მოთხოვნადია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები საქართველოდან. ჩეხეთის ელჩთან ვისაუბრეთ, რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი, რომ უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნა დავაჩქაროთ", - თქვა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე იყო გამოცხადებული. საგანგებო და კომენდანტის საათი მოიხსნა, თუმცა ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ისევ რჩება.

შეჩერებულია ავიამიმოსვლა და ასევე არ მუშაობს საზოგადოებრვ ტრანსპორტი.

კომენტარები