სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო: ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გაუგებრობა გამოიწვია

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა მინისტრის, არსენ ტოროსიანის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართ გაკეთებულ განცხადებას განმარტა. რამდენიმე დღის წინ არსენ ტოროსიანმა ეჭვი გამოთქვა საქართველოს ანტი-ეპიდიმიური სისტემის ეფექტურობასთან და ეპიდემიის შესახებ ოფიციალური მონაცემებთან დაკავშირებით

სააგენტო GHN-თან საუბარში, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი მწუხარებას გამოთქვამს, რომ მინისტრის განცხადებამ გაუგებრობა გამოიწვია და პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი შექმნა. 

"ჩვენ ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან ეპიდემიის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს. ჩვენი ურთიერთობები გამსჭვალულია თანამშრომლობის სულით და არ არის არანაირი საჭიროება ხელოვნური კონკურენციის ნოტები შეემატოს. სწორედ, ამ ლოგიკით ვაგებდით და მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გაუგებრობა გამოიწვია და შექმნა პოლიტიკური მანიპულაციების საფუძველი. თითოეული სახელმწიფო ირჩევს და მიყვება პანდემიასთან ბრძოლის გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც ნაციონალურ დონეზე დაინერგა. ამ სტრატეგიების მთავარი მიზანი პრობლემების მაქსიმალურად ეფექტურად გამკლავებაშია, რომელიც ცალკეული სიტუაციის სპეციფიკურობას ითვალისწინებს. ქართველ კოლეგებს პანდემიასთან ბრძოლაში თანმიმდევრულ წარმატებებს ვუსურვებთ", — განაცხადა ალინა ნიკოგოსიანმა.

არსენ ტოროსიანის განცხადებას გამოხმაურება მოყვა საქართველოშიც - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ "ტოროსიანმა თქვა ის, რაც თქვა" და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის სომხეთში ახალი კორონავირუსული ინფექციის 7,113 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 87 პაციენტი.

კომენტარები