ვატიკანის მუზეუმები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება

REUTERS

ვატიკანში ახალი კორონავირუსის გამო დახურული მუზეუმები 1-ლი ივნისიდან ხელახლა გაიხსნება.

მუზეუმების ბილეთების ყიდვა ონლაინ შეიძლება, რათა სტუმრების რაოდენობა აკონტროლონ.

შესვლისას ვიზიტორებს ტემპერატურას გაუზომავენ, მათ პირბადეების ტარება და ხელების სადეზინფექციო საშუალების გამოყენება მოეთხოვებათ.

მომსახურე პერსონალი პირბადეებსა და ხელთათმანებს ატარებს, ადგილზე იქნება სამედიცინო პერსონალი.

იტალიაში მუზეუმების გახსნა 18 მაისიდან დაიწყო მაშინ, როდესაც მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა. 

წმინდა საყდარი შემოსავალის მნიშვნელოვან ნაწილს მუზეუმებიდან იღებს. გასულ წელს ვატიკანის მუზეუმებს დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ესტუმრა და 100 მლნ დოლარის შემოსავალი მოიტანა.

ოფიციალური პირები შიშობენ, რომ უსაფრთხოების, სოციალური დისტანციის წესების გაძლიერებული დაცვის, ჯანმრთელობის ახალი რეგულაციების გამო, საერთაშორისო ტურისტების ვიზიტი, ბილეთებისა და სუვენირების გაყიდვა, შესაძლოა, შემცირდეს.

იტალიაში ახალი კორონავირუსი 229 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 32 735 პაციენტი გარდაიცვალა, 138 000-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები