ხუნდაძის კანონპროექტი

წულუკიანი შეზღუდვებზე კანონზე: ღიმილისმომგვრელია ის დებატები, რაც პარლამენტში ვიხილეთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, გუშინ პარლამენტში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის გარშემო გამართული დებატები უსაგნო და ღიმილისმომგვრელი იყო.

წულუკიანის თქმით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა ტიპის, უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდა, ვიდრე ეს განხილვაში მყოფ კანონპროექტშია. წულუკიანის შეფასებით, მთავრობას არცერთი ზომა არადანიშნულებისამებრ არ გამოუყენებია.

"ჩვენ აბსოლუტურად გაუგებრად ვთვლით და მე პირადად, სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ. ეჭვი მთავრობაზე, რომ თითქოს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტში მიიღება, თურმე მთავრობის მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაცა ტიპის ხელისუფლების უზურპაციისთვის, ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი და უპასუხისმგებლო განცხადება", - ამბობს წულუკიანი.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, უფლებრივი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს, საპარლამენტო კონტროლის გარეშე.

კანონპროექტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ, 21 მაისს, დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობაში ამბობენ, რომ საგანგებოს მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში კონკრეტული შეზღუდვების ამოქმედება მაინც საჭირო იქნება.

კომენტარები