შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

ბოკუჩავა: კანონს, მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შეზღუდვების შედახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, პარტია მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დეპუტატი ამბობს, რომ ამ კანონით მთავრობა "პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ იღებს უფლებამოსილებას ავტოკრატიულ მმართველობაზე".

"ესაა ნაბიჯი ავტოკრატიული მმართველობისკენ, ის არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის, ის შლის საპარლამენტო ფილტრსა და კონტროლს, ის ბლანკეტურად და ყოველგვარი მაკონტროლებელი ბერკეტის გარეშე აძლევს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ შეუზღუდოს ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, ან მოქალაქეთა ჯგუფს შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება. განსაკუთრებით მძიმეა, რა თქმა უნდა, ასეთი უფლებამოსილების უზურპაცია მთავრობისგან წინასაარჩევნოდ", - თქვა ბოკუჩავამ.

დეპუტატმა სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს და ქვეყნის ინტერესები ივანიშვილის ინტერესებზე მაღლა დააყენონ.

"მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, მხარი არ დაუჭიროს ამ ანტიკონსტიტუციურ კანონს. იგივეს მოგიწოდებენ მაღალი ავტორიტეტის მქონე არასამათავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი არის ანტიკონსტიტუციური და ის სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. უზურპაციის ამგვარი მცდელობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის ბოლო ჟამის მომენტი დადგა და თქვენ დღეს კიდევ ერთხელ გაქვთ შანსი, არ გაყვეთ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების უზურპაციის ამ მცდელობაში და ერთხელ მაინც დააყენოთ ქვეყნის ინტერესი ივანიშვილის ინტერესზე მაღლა", - თქვა ბოკუჩავამ.

პლენარულ სხდომაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მთავრობას უფლებას მისცემს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს. მიზეზად ხელისუფლება ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

  • კანონპროექტის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობას სურს, სხვა შეზღუდვები, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვას, გაადგილებას და ბიზნესის მუშაობას ეხება, ძალაში დატოვოს.

კომენტარები