რუსული მედია: რამზან კადიროვს, შესაძლოა, კორონავირუსი დაუდასტურდეს

რუსული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს, შესაძლოა, Covid-19 დაუდასტურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორი ინტერნეტ გამოცემა ავრცელებს. 

გამოცემა BAZA-ს ინფორმაციით, 20 მაისს, საეჭვო სიმპტომებით, რამზან კადიროვი მოსკოვის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გადაიყვანეს. წყაროს ინფორმაციით, კადიროვს გაციების სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში აწუხებდა. 

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში რამზან კადიროვის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და ექიმებმა სამკურნალოდ მოსკოვის კლინიკებში გამგზავრება ურჩიეს. 

"ეჭვობენ, რომ რამზან კადიროვს კორონავირუსი აქვს", — წერს გამოცემა ინტერფაქსი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის რუსეთში ახალი კორონავირუსის 317 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3,999 პაციენტი. ახალი კორონავირუსული ინფექცია წინა კვირებში გამოუვლინდა რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინს, ასევე ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს, კულტურის მინისტრს, ოლგა ლუბიმოვას, მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევს და მის მოადგილეს. 

Covid-19 დაუდასტურდა სახელმწიფო დუმის რამდენიმე დეპუტატსაც.

კომენტარები