სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე მოსახლეობას მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდონ კორონავირუსს, რადგან ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება:
"ამ ტემპს თუ არ შევცვლით, 29 მაისისთვის კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი შემთხვევა გვექნება, 12 ივნისისთვის 20 000 და ივნისის ბოლოს - 30 000-მდე. ეს ნიშნავს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას, რადგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადაიტვირთება და მოსახლეობის დახმარებას ვეღარ შევძლებთ", - თქვა მან.
ფაშინიანმა მოსახლეობას მოუწოდა, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია:
"დღესაც, ქუჩაში ვხედავ ხალხს, რომლებსაც ისე აქვთ კომუნიკაცია, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენ მკაცრ ზომებს მივიღებთ, დამრღვევებს დავაჯარიმებთ, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - თქვა მან.
სომხეთში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ასეულით იზრდება. ყველაზე დიდი მატება 18 მაისს დაფიქსირდა. 24 საათში ვირუსი 351 ადამიანს დაუდასტურდა.
მარტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ერევანში მდებარე ერთ-ერთი სპორტული დარბაზი საველე საავადმყოფოდ არის გადაკეთებული. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა თქვა, რომ სომხეთის საავადმყოფოები 3 000-დან 4 000-მდე ინფიცირებულს გაუმკლავდებიან. ამის გამო მათ მიდგომა შეცვალეს და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს სახლებში მკურნალობისაკენ მოუწოდებენ.
ბოლო მონაცემებით სომხეთში ახალი კორონავირუსი სულ 5 271 ადამიანს დაუდასტურდა, ბოლო 24 საათში გამოვლინდა 230 ახალი შემთხვევა. დაიღუპა 67 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 419.