სამხრეთ კორეაში სოციალური დისტანციის მითითებების დაცვით სკოლები იხსნება

20 მაისს სამხრეთ კორეაში უფროსკლასელთათვის სკოლები წელს პირველად გაიხსნა. გეგმის ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, სამხრეთ კორეაში ყველა სკოლა მკაცრი პროტოკოლის დაცვის პირობით იხსნება.

მასწავლებლები მოსწავლეებს სიცხეს უზომავენ და ურჩევენ, რომ სოციალური დისტანციის წესები დაიცვან. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში ყოფნის დროს პირბადეების ტარება ევალებათ, გამონაკლისია სადილი. ჯანდაცვის ახალი მითითებების თანახმად, მათ თავიანთი მაგიდების დეზინფექცია, ოთახების განიავება და მერხების 1 მეტრით დაშორება ევალებათ. 

ყველა, ვისაც 37.5 C-ზე მაღალი ტემპერატურა ექნება, სახლში უნდა დარჩეს. თუ სკოლაში რომელიმე მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდება, მთელი სკოლა ონლაინ სწავლებაზე უნდა გადავიდეს მანამ, სანამ მათთვის სკოლებში დაბრუნება უსაფრთხო იქნება.

სეულის განათლების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ახლა მნიშვნელოვან ფაზაში შედიან, რადგან განათლებასა და კორონავირუსის პრევენციაში, ორივე სფეროში, წარმატებას უნდა მიაღწიონ.

1 ივნისს სამხრეთ კორეის ყველა, 5.5 მილიონი, მოსწავლე სკოლებს დაუბრუნდება.

სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაკლებულია, თუმცა ზომების შემსუბუქების შემდეგ ახალი კლასტერები გაჩნდა. გასულ 24 საათში სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში 11 110. აქედან უმეტესობა უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 263 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები