გაერთიანებული სამეფო

Covid-19-ის გამო კემბრიჯის უნივერსიტეტში 2021 წლის ზაფხულამდე ყველა ლექცია ონლაინ ჩატარდება

ახალი კორონავირუსის გამო, კემბრიჯის უნივერსიტეტში 2021 წლის ზაფხულამდე ყველა ლექცია ონლაინ ჩატარდება.

თუმცა, უნივერსიტეტში ასევე განაცხადეს, რომ შესაძლოა მცირერიცხოვან სასწავლო ჯგუფებს უმასპინძლონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სოციალური დისტანციის წესებს დაიცავენ.

უნივერსიტეტი განმარტავს რომ მათი ვარაუდით, სოციალური დისტანცირება კვლავ სავალდებულო იქნება და სწორედ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დისტანციის მითითებები შეიცვლება, კემბრიჯის უნივერსიტეტში ამ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავენ.

ამავდროულად, მანჩესტერის უნივერსიტეტმა დააანონსა, რომ შემდეგ სემესტრში ლექციები ონლაინ გაგრძელდება.

გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის 248 ათასზე მეტი ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 35 000-ზე მეტი დაიღუპა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქეს და შემდეგ დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, ბრიტანეთისთვის გაფრთხილებაა, რომ ძალიან სწრაფად არ იმოქმედოს.

კომენტარები