ოპოზიციურმა პარტიებმა შესაძლოა რიგ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები წარადგინონ

ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე აქციას უერთდებიან
ტაბულა

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, რიგ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინონ. ამის შესახებ ოპოზიციურმა ლიდერებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრეს. 

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, ხოლო 30 - მაჟორიტარული წესით. 

სწორედ ამ მაჟორიტარულ ოლქებში შესაძლო კოორდინაციაზე ისაუბრეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, თუმცა ოპოზიციური ლიდერების თქმით, ჯერჯერობით კონკრეტულ გვარებსა და ოლქებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან უცნობია, ამჯერად მაინც შეასრულებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის გუნდი დაპირებას, რომელიც ამავდროულად, ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადების მიხედვით, დამოკიდებულია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. 

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, განმარტებით, კოორდინაცია მოხდება არა ყველა ოლქში, არამედ მხოლოდ იქ, სადაც ოპოზიციისთვის მომგებიანი იქნება საერთო კანდიდატის დაყენება სახელისუფლებო კანდიდატის დასამარცხებლად. 

"იქ, სადაც ეს მომგებიანი იქნება ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად, კოორდინაცია მოხდება. გვარებზე საუბარი არის ნაადრევი. პროცესი არ არის მისული იქამდე, რომ საჯაროდ რამე ითქვას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კოორდინაცია მოხდება, მაგრამ არა - ყველა ოლქში", - ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს კიდევ ერთი ლიდერის, პარტიის გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, თქმით, ის "მაღალი ალბათობით" იქნება მაჟორიტარი, თუმცა სად და როგორ - ამაზე კონსულტაციები უნდა გაიაროს სხვა პარტიებთან. 

"აუცილებელია, იყოს მაქსიმალური კოორდინაცია, რომ არ გაიყოს ოპოზიციის ხმები, სხვა შემთხვევაში მამაცურად, მაგრამ მაინც დავმარცხდებით. აქ ჩვენ პირად ამბიციებზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ცვლილებები და ყველა საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანმა ყველაფერი პირადული გვერდით უნდა გადადოს", - თქვა გიგი უგულავამ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას, თქმით, მისი პარტია მიიღებს მონაწილეობას საერთო კანდიდატების დაყენების პროცესში, თუმცა იქვე განმარტავს, რომ მანამ, სანამ ზუსტად არ იქნება ცნობილი, რამდენ სამაჟორიტარო ოლქზეა საუბარი, კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია. 

"გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით გაუგებარი და უკიდურესად არაპროგნოზირებადია, ივანიშვილი აპირებს, მიიღოს 120/30, თუ დატოვოს არსებული 73 სამაჟორიტარო ოლქი, რთულია კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, შიგნით პარტიაში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინაციის იდეას ეთანხმება რესპუბიკური პარტიაც. ამის შესახებ ერთერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, ისაუბრა, თუმცა ბოკუჩავას მსგავსად, ბერძენიშვილიც ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ მას შემდეგ მიიღება, რაც დანამდვილებით ეცოდინებათ, იქნება თუ არა 30 სამაჟორიტარო ოლქი. 

"ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მოხდეს კოორდინაცია მაჟორიტარულ ოლქებში, უბრალოდ, ამის საბოლოო გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით, ნამდვილად 30 ოლქი გვექნება, თუ არა და იმედი მაქვს, ასე იქნება. პარტიების ერთი ნაწილი მიიღებს კოორდინაციაში მონაწილეობას სრულად. შესაძლოა, აღმოჩნდეს ისეთი პარტიებიც, რომლებიც ნაწილობრივ კოორდინაციაში მიიღებენ მონაწილეობას, ან არ მიიღებენ", - თქვა დავით ბერძენიშვილმა. 

ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის, თქმით, ის აპირებს მაჟორიტარ დეპუტატობას, თუმცა ამბობს, რომ ამაზე პარტიებს შორის ზოგადი საუბარი იყო. 

"რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული და ალბათ ერთი-ორი კვირის ვადაში ყველა პარტია უკვე ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობასაც, სავარაუდოდ, თბილისში", - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

პარტიის გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებით წარსდგებიან. 

"კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ არის, ჯერ არის - პარტიებს რა ინიციატივები გააჩნიათ. აუცილებლად, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, ოღონდ სად, ამას ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. არ გამოვრიცხავ [გორში ვიყო], არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ", - თქვა ოქრუაშვილმა. 

კომენტარები