კორონავირუსი საქართველოში

ბოლნისის მერი: COVID 19-ის 6 ახალი შემთხვევიდან 4 სოფელ გეტადან, ხოლო 2 - სოფელ მუშევანიდანაა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლნისის მერის, დავით შერაზადაშვილის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ოთხი სოფელ გეტადან, ხოლო ორი - სოფელ მუშევანიდანაა

"ყველა ეს შემთხვევა არის მჭიდრო კონტაქტი უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან. გეტაში 1 ოჯახის 3 წევრია ინფიცირებული, მეოთხეც ოჯახის მჭიდრო კონტაქტია ", - ამბობს მერი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

რეგიონალურ საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის თქმით, რეგიონში დღეში 2000-მდე PCR ტესტი ტარდება. მისივე თქმით, ბოლნისის გახსნასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, "მუშევანი და გეტა, ყველა შემთხვევაში, უფრო გვიან გაიხსნება, ვიდრე ბოლნისი და მისი დანარჩენი ნაწილი". 

ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 145 დადასტურებული შემთხვევაა. 

სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები,​ ხოლო სოფელი გეტა 15 მაისიდან მოექცა თვითიზოლაციაში. 23 მარტიდან ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები კარანტინშია.

საქართველოში სულ დადასტურებულია COVID 19-ის 677 შემთხვევა. აქედან 419 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები