8 მარტის შეთანხმება

ოქრუაშვილი: ივანიშვილმა ოპოზიციონერების მრავალი წლით დაპატიმრების დაპირებაც ვერ შეასრულა

პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვეს.

"ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ მრავალ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ" - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმებაში.

"განსაკუთრებით ოპოზიციის ყველა ლიდერს და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს, ასევე, სენატორ რიჩს და ბატონ კუბუილიუსს, რომ არა მათი ძალისხმევა, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა" - თქვა ოქრუაშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის და დასავლეთის ზეწოლის შედეგად შეიწყალა.

კერძოდ, 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შეწყალების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყვეს.

კომენტარები