საარცევნო შეთანხმება

კობახიძე შეწყალებაზე: პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გვქონია, შევიტყვეთ, როცა ჩატარდა ბრიფინგი

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, მმართველ პარტიას კომუნიკაცია არ ჰქონია.

"ჩვენ არ გვქონია პრეზიდენტთან კომუნიკაცია. ამის თაობაზე შევიტყვეთ, როდესაც ჩატარდა ბრიფინგი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მტკიცებით, პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში დამოუკიდებელია და, მისივე თქმით, ქართული ოცნებისთვის მიუღებელი იყო, როდესაც ოპოზიცია "პრეზიდენტისთვის დავალების მიცემას" მოითხოვდა.   

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გამიჯნულია პოლიტიკური ხელისუფლებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერავითარი მითითების მიცემას და ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია", - ამბობს კობახიძე.  

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ესმის, რომ "კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა", თუმცა, ასევე ფიქრობენ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს, 15 მაისს შეიწყალა. 

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები