ნოდია: კარგია, რომ ოპოზიციამ სკეპტიკოსებს არ დაუჯერა და სიმტკიცე შეინარჩუნა

ის, რომ ხელისუფლებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება აიძულეს, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ცხადია, მთავარი დამსახურება არის ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორეს მხრივ - ჩვენი დასავლელი მეგობრების. მაგრამ საბოლოოდ, ყველას, ანუ ქვეყანას გვაქვს საქმე მისალოცად: ეს ნიშნავს, რომ ცივილიზებულ სამყაროს ბოლომდე არ შევაქციეთ ზურგი და ნაწილობრივ მაინც მის ორბიტაზე ვრჩებით.

უნდა ვაღიარო, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მეგონა, რომ ბიძინა უკან დაიხევდა (თუმცა არც გამოვრიცხავდი). ძალიან კარგი, რომ ოპოზიციამ ჩემისთანა სკეპტიკოსებს არ დაუჯერა და სიმტკიცე შეინარჩუნა.

ცხადია, გიორგი რურუას საქმეც უნდა გადაწყდეს: სანამ ის ციხეშია, შეთანხმება არ არის შესრულებული.

ყოველივე ამის შემდეგ რომ დავამატო, „მადლობა ბატონ ბიძინას და პრეზიდენტ სალომეს“, ვიცი, ბევრ „ლაიქს“ დავკარგავ. მაგრამ მათაც დავუფასოთ, რომ ახირებას ბოლომდე არ გადააყოლეს ქვეყანა და რაღაც მომენტში რაციონალობას მოუხმეს (თუნდაც, მათ შორის, საკუთარ ინტერესებში).

პოლიტილოგი გია ნოდია გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმაურება.

კომენტარები