კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 19 ახალი ინფიცირებულიდან ერთი მედპერსონალია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 19 ახალი პაციენტიდან ყველას წყარო ცნობილია. მისი თქმით, მათგან 17 ბოლნისის კლასტერიდანაა. 2 შემთხვევიდან ერთი არის მედპერსონალი, ერთი პაციენტი კი საკარანტინო სივრციდანაა.  

მისივე თქმით, ​ინფექციურ საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე არ არის. 

"ჩვენთან ახალი სამი პაციენტია შემოყვანილი ბოლნისიდან - ერთი ოჯახის სამი წევრია. მათი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე არაა. გაფართოებული კვლევებით შევაფასებთ ამ პაციენტების სიმძიმეს. ამ წუთში, 38 პაციენტი გვყავს, აქედან 2-თან კორონავირუსი გამოირიცხა და დატოვებენ კლინიკას. ველოდებით რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და იმედია, ასე დარჩება“, - თქვა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება სწორედ იმაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევიან მოქალაქეები.

"თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ამაზე არის დამოკიდებული დაავადების გავრცელება ჩვენს ქვეყანაში. "დარჩი სახლში" - ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ თუ არ დარჩებით, მაქსიმალურად დაიცავით შეზღუდვები", - თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

 საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 393. გარდაცვლილი - 12. 

კომენტარები