გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში Covid-19-ით 300 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

John Hopkins University & Medicine-ის 15 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 300 789 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ახალი ვირუსით დაინფიცირების 4 413 597 შემთხვევაა გამოვლენილი.

1 600 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

2 500 000-ზე მეტი პაციენტი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს, აქედან დაახლოებით 45 000-ის  მდგომარეობა კრიტიკული ან სერიოზულია.

ახალი კორონავირუსი, რომელიც ნოემბერში ან დეკემბერში თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ ვუხანში აღმოაჩინეს, ამ დროისთვის მსოფლიოში 188 ქვეყანაში ან რეგიონშია გავრცელებული. 

ახალი ვირუსით, არსებული მონაცემებით, ყველაზე მეტი, 85 194 ადამიანი, აშშ-ში გარდაიცვალა, შემდეგ ბრიტანეთში (33 692), იტალიაში (31 368), საფრანგეთსა (27 428), ესპანეთში (27 321).

ინფიცირების ყველაზე მეტი - 1 405 961 შემთხვევა - აშშ-ში გამოვლინდა. აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე ბევრი, დაახლოებით 10 000 000, ვირუსის დიაგნოსტიკის ტესტი ჩაატარეს.

აშშ-ის შემდეგ ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა არის რუსეთში (252 245), გაერთიანებულ სამეფოში (234 431), ესპანეთში (229 540), იტალიაში (223 096).

-----------------

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობაზე, რომელიც ე.წ. ვუხანის სველი ბაზრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე, მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მრავალი მტკიცებულება არსებობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ის დაზვერვის მიხედვით, მეცნიერული კონსესუსია იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული არ არის.

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ აშშ "ძალიან სერიოზულად" იძიებს ახალი კორონავირუსის ვუხანის ლაბორატორიასთან კავშირს. 

1-ელ მაისს პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, ამ ეტაპზე ჰქონდა თუ არა ნანახი რაიმე მტკიცებულება, რაც მას აძლევდა საფუძველს, ეთქვა, რომ ვირუსის წყარო ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი იყო, რაზეც მან უპასუხა - "კი, ნანახი მაქვს".

ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

6 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-პარბორზე შეტევები.

აღსანიშნავია, რომ AP აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ჩინეთი დაავადების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდა, რათა სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი შეექმნა.

გერმანული მედიის ცნობით, ახლახანს ჩინეთისა და ჯანმო-ს მიერ ინფორმაციის დამალვაზე უკვე გერმანული სადაზვერვო სამსახურიც ალაპარაკდა. კორონავირუსის გავრცელების პარალელურად ჩინეთისა და ჯანმო-ს კავშირზე ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები