აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

GRASS ხელისუფლებას აჭარა TV-ზე: არ დაუშვათ თავისუფალი, დაბალანსებული მაუწყებლის ნგრევა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, სადაც ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, დანიშვნას არხიდან მისთვის მიუღებელი ადამიანების გათავისუფლება მოჰყვა. 

GRASS მხარდაჭერას უცხადებს მაუწყებლის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის. 

"მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ქმედებები ამის ნათელი დასტურია. საქართველოს რეფორმების ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაკნინება და თავისუფალი, დაბალანსებული მაუწყებლის ნგრევა არ დაუშვას. ასევე, მოუწოდებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, უარი თქვას პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების დევნაზე, მათთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე", - წერია განცხადებაში. 

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა, მის ნაცვლად კი გიორგი კოხრეიძე დანიშნეს, არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც შექმნეს. 

22 ნოემბრიდან დღემდე არხი ზეწოლის შედეგად დატოვა ან კოხრეიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს არაერთი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირი, მათ შორის ახალი სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

დირექტორის მხრიდან შევიწროებისა და კონტროლის ფაქტების გამო სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, რომელიც კოხრეიძის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ასევე დაუსაბუთებელი საფუძვლით კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, მისი მოადგილე მაია მერკვილაძე კი ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს და ფაქტობრივად ჩამოაშორეს სარედაქციო პოლიტიკას. 

ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო წამყვანი თეონა ბაკურიძე, კვლავ კოხრეიძის პირადი გადაწყვეტილებით, ჯერ ეთერიდან მოხსნეს, რამდენიმე დღეში კი სამსახურიდან გაათავისუფლეს

უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინ-მედიის სამსახურის უფროსს, სოფო ჟღენტს. კოხრეიძემ მას სრულად აუკრძალა საინფორმაციო ამბების კონტენტის ვებგვერდზე განთავსება. 

კიდევ ერთი ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე სამუშაოდ ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო კი ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ეთერს გარკვეული დროით ჩამოაშოერს. 

11 მაისს გიორგი კოხრეიძის ბრძანების საფუძველზე სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრების გამო არხიდან გაათავისუფლეს მალხაზ რეხვიაშვილი, გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ბოლო პერიოდში გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა და დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, წინააღმდეგ გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

კომენტარები