8 მარტის შეთანხმება

შავგულიძე: არ შეიძლება, ხელისუფლებას მივცეთ უფლება - დღეს თქვას ერთი, ხვალ გააკეთოს მეორე

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფისის ეზოში ოპოზიციის გაფართოებული შეხვედრა დაიწყო. ოპოზიციური პარტიები 8 მარტის შეთანხმებასა და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებებზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც, ერთიან განცხადებას შეიმუშავებენ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, შალვა შავგულიძის თქმით, ნებისმიერ საკითხში შეთანხმების პირობები უნდა იყოს დაცული. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა როგორც საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ისე კონკრეტულ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეჩერებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

"ასე ესმის ეს შეთანხმება ოპოზიციას და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. ასე არ ესმის მხოლოდ ქართულ ოცნებას, იმიტომ, რომ არ უნდა ასე გაგება. მაგრამ ასე არ გამოვა. ერთხელ უკვე მოატყუა მთელი საზოგადოება - ქართულიც და საერთაშორისოც, დაპირდა პროპორციულ არჩევნებს და მოიტყუა, ახლა ასე არ გამოვა. პირობები უნდა იქნეს დაცული. არ შეიძლება, ხელისუფლებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ დღეს თქვას ერთი, ხვალ გააკეთოს მეორე და საკუთარ პირად პარტიულ ინტერესებს მოარგოს" - თქვა შავგულიძემ.

კითხვაზე, თუ არ გაათავისუფლეს პოლიტპატიმრები, რა იქნება ოპოზიციის პასუხი, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი პასუხობს - "ოპოზიციის პასუხი იქნება ყველა კანონიერი მეთოდის გამოყენება, რომ მივაღწიოთ შედეგს. ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რომ ივანიშვილის დაჯგუფებამ დატოვოს ხელისუფლება".

შალვა შავგულიძის თქმით, "საჭირო იქნება აქციები, ნებისმიერი კანონიერი ფორმით ვიბრძოლებთ, ეს კიდევ უფრო შეკრავს ოპოზიციას და ოპოზიციის ირგვლივ დარაზმავს საზოგადოებას".

კითხვაზე, რისკის ქვეშ დგება თუ არა ოქტომბერში მეტად პროპორციული არჩევნების ჩატარება, შავგულიძე პასუხობს - "რა თქმა უნდა, და ამ რისკის ქვეშ აყენებს ქართული ოცნების ხელისუფლება".

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, მმართველი გუნდის მტკიცებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და "ვერ ვიფიქრებთ იმ პირობის შესრულებაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს".

შეთანხმების გაფორმებას პარტნიორი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. მათ საერთო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მემორანდუმი ორნაწილიანია და ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი - ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

კომენტარები