კორონავირუსი საქართველოში

ჟურნალისტური გამოძიებები: საქართველოს შეძენილი "ჰოლანდიური" სწრაფი ტესტები ჩინურია

Biozek

საგამოძიებო პლატფორმის "ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტისა" (OCCRP) და ჰოლანდიური საგამოძიებო გამოცემის Investico-ს ჟურნალისტების გამოძიების მიხედვით, ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ის მიერ გაყიდული ახალი კორონავირუსის ტესტები, სახელწოდებით Biozek სინამდვილეში არა ჰოლანდიური, არამედ ჩინური წარმოებისაა.

Inzek International Trading-ისგან 930 000 ლარის ღირებულების Biozek-ის ტესტები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც შეიძინა. მასალა ამის შესახებ თავდაპირველად გამოცემა OC-Media-მ მოამზადა. 

24 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინი პროდუქტების ქართული იმპორტიორი კომპანიისგან Solemart გამარტივებული შესყიდვებით 930 000 ლარის ღირებულების 30 000 ტესტი შეიძინა. შესყიდვების დოკუმენტში ტესტების მწარმოებლად ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ია მითითებული. 

სქრინი შესყიდვების დოკუმენტიდან

ტაბულა ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით პრესსამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს. OC-Media-ს კი სამინისტროში უთხრეს, რომ მათ Biozek-თან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. 

რაც შეეხება Biozek-ის ქართულ იმპორტიორ კომპანია Solemart-ს, გამოცემასთან საუბარში კომპანია აცხადებს, რომ ტესტები ჰოლანდიაშია დამზადებული. Solemart-ის დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ ტუკვაძე OC-Media-თან საუბარში ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისინი Inzek-თან თანამშრომლობენ, რომელსაც ის ახასიათებს, როგორც "მაღალი დონის კომპანიას". 

OCCRP-ისა და Investico-ს მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სახელით Biozek ბრენდირებული ტესტები სინამდვილეში ჩინური კომპანიის მიერაა წარმოებული, რომლის ორიგინალი სახელიც Alltest-ია. Inzek International Trading-ის დამფუძნებელმა, ზეკი ჰამიდმა, OCCRP-ისთან საუბარში აღიარა, რომ ტესტები სინამდვილეში ჩინეთშია დამზადებული და ასევე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ტესტებს აწარმოებს, "პროფესიონალური მწარმოებელია და მათ ოფიციალური სერტიფიკატებიც აქვთ". 

OCCRP-ის კითხვაზე, თუ რატომ უწერიათ ვებგვერდზე, რომ ტესტები ჰოლანდიური წარმოებისაა, ჰამიდი პასუხობს, რომ ერთ სიტყვაშია შეცდომა და ამას გამოსწორებენ. მათივე ცნობით, მომდევნო დღეს, 29 აპრილს ვებგვერდზე ტესტების აღწერა შეიცვალა. 

ძველი აღწერის სქრინი Inzek-ის ვებგვერდიდან
ფოტო: OCCRP/OC-Media

OC-Media-ს ცნობით, Biozek-ის ტესტები სარეალიზაციო ქსელის მიერ გლობალურად იყიდება. OCCRP-ისთან შვედური კომპანიის Spring Healthcare-ის წარმომადგენელმა, ვასაი ბატიმ, თქვა, რომ ტესტებს ყუთზეც კი აწერია, რომ ტესტები ჰოლანდიაშია დამზადებული. Spring Healthcare-მა Biozek-ის ტესტებით მაკედონიის ერთერთი კლინიკა მოამარაგა, სადაც პაციენტები, რომლებზეც ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, რამდენიმე დღეში ახალი კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალნენ. 

ტესტები ასევე შეიძინა აზერბაიჯანმაც. OCCRP-ის ცნობით, მინიმუმ, 350 ცენტრი ბაქოში დაფუძნებულმა კულტურულმა ორგანიზაციამ Nizami Ganjavi International Centre-მა შეიტანა. 

როგორც OC-Media წერს, ჟურნალისტები ჰოლანდიიდან, თუ სხვა ქვეყნებიდან სვამენ შეკითხვების Biozek-ის ტესტების სიზუსტესთან დაკავშირებით. OCCRP-ის გამოძიების მიხედვით, დამოუკიდებელი ცდები აჩვენებს, რომ Alltest-ის ტესტები იმაზე ნაკლებად ზუსტია, ვიდრე კომპანია ირწმუნება. 

"გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააუქმა რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების შესყიდვა Alltest-თან მას შემდეგ, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტმა მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ Alltest და სხვა ჩინური ბრენდები სიზუსტის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ", - წერია OCCRP-ის გამოძიებაში. 

15 აპრილს TBC ბანკმა საქართველოს მთავრობას Biozek-ის ტესტები აჩუქა. OC-Media-ს ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიერ შესყიდვების დოკუმენტის დანართში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური წერს, რომ ტესტები, რომლებიც სახელმწიფოს TBC-მ აჩუქა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დადებითად შეაფასა. 

Inzek სიზუსტესთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პლატფორმა Investico-ს კარგი ჟურნალისტური კვლევა არ ჩაუტარებია Biozek-ის პროდუქტთან დაკავშირებით და მხოლოდ ორი კვლევის დასკვნას ეყრდნობიან. OCCRP-ის ცნობით, კომპანია ამ საკითხზე სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. 

კომენტარები