აჭარის ტელევიზია

EMC: აჭარის ტელევიზიიდან რეხვიაშვილის გაშვება დამოუკიდებლობის ნგრევის გაგრძელებაა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან  მალხაზ რეხვიაშვილის Facebook პოსტის გამო გათავისუფლებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა, "რომელიც უკვე შემაშფოთებელ ფორმას იღებს"

ჟურნალისტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 11 მაისს გაათავისუფლეს. საქმე ეხება პოსტს, რომელიც ჟურნალისტმა 21 აპრილს, ტელევიზიის წამყვანის, თეო თურმანიძის ეთერიდან მოხსნის გამო დაწერა. მისი თქმით, აჭარის ტელევიიის მენეჯმენტს "ან დაწყებითი განათლება არ აქვს, ან ფეხებზე ჰკიდია სამართალი".

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს და არამხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა"- წერს EMC. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მალხაზ რეხვიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცილისწამება, რადგან მისი შინაარსი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და მასში არ არის მითითებული არსებითად მცდარი ფაქტი.

მათივე თქმით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ბრალდება ცილისწამების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რადგან მაუწყებლისთვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება. მათივე თქმით, პროფესიული კავშირის თავმჯდომარის წინააღმდეგ წარმოებული დისციპლინური დევნა წარმოადგენს მაუწყებლის დირექტორის თვითნებურ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას შრომითი კანონმდებლობის კუთხითაც.

"ჟურნალისტების დევნის ფაქტები მიუთითებს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არამხოლოდ შრომით ურთიერთობებში უკანონო ინტერვენციას, არამედ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დევნის) შემადგენლობას",- წერია განცხადებაში. 

ასევე, EMC კოხრეიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლის (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) დარღვევაზეც ედავება.

EMC მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და უწყებებში მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. გამართეს არაერთი საპროტესტო აქცია და აგრძელებენ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის მცდელობას.

კომენტარები