რუსეთი

მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა

gazeta.ru

რუსეთში, მოსკოვში 50-ე საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 800 საწოლი იყო გამოყოფილი, ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ერთი პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

ხანძარი რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა. განყოფილებიდან 5 პაციენტის ევაკუაცია მოხერხდა, 1 კი გარდაიცვალა. ასევე, მთლიანი შენობიდან ევაკუირებულია 295 პაციენტი. 

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, იყო თუ არა გარდაცვლილი პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული. 

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზი უცნობია. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, შემთხვევა საფუძვლიანად იქნება გამოძიებული. 

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 198 676 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან, ოფიციალური მონაცემებით, 31 916 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 827 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში რუსეთში ინფიციების 10 817 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები