9 მაისი

შსს 9 მაისზე: ვაკის პარკსა და საგანგებოთი დაწესებული შეზღუდვების შესრულებას გავაკონტროლებთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება პროპუტინური, კრემლისტური დაჯგუფების "უკვდავთა პოლკის" ლიდერის განცხადებას, რომელიც იმუქრება, რომ 9 მაისს ისინი მაინც შეიკრიბებიან და პარალელურად თბილისის თავზე დრონებით "გეორგიევსკის დროშის" გადაფრენას გეგმავს. 

შსს მოქალაქეებს ახსენებს, რომ 22 მაისის ჩათვლით საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, რა დროსაც იკრძალება შეკრებებისა ან/და მანიფესტაცია და ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე - ღია სივრცეში. 

"შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ", - წერია განცხადებაში. 

უწყება მოქალაქეებს თავისუფლების ქარტიით გათვალისწინებულ წესებსაც ახსენებს, რაც გამოიხატება კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებაში. წესების დარღვევისთვის პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები", - წერია განცხადებაში. 

კრემლისტური დაჯგუფების "უკვდავთა პოლკის" ლიდერმა, თორნიკე ყიფიანმა, რუსთავი 2-თან კომენტარში თქვა, რომ ისინი აკრძალვების მიუხედავად 9 მაისის აღნიშვნას მაინც აპირებენ. ყიფიანი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცველებს დაემუქრა, რომ "ღმერთი არ გაუწყრეთ და არავინ დააჯარიმონ". 

თორნიკე ყიფიანი ადასტურებს, რომ მისი ორგანიზაცია ფონდის Русский мир (რუსული სამყარო) მიერ ფინანსდება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 2007 წელს დააარსა და რომელიც რუსული პროპაგანდის ერთერთი მთავარი იარაღია, რომელიც კულტურისა და ენის სწავლების საფარქვეშ სხვადასხვა ქვეყანაში სადაზვერვო სამუშაოებს ახორციელებს.

2019 წლის 9 მაისს ვაკის პარკში ერთდროულად რამდენიმე აქცია გაიმართა, ერთერთის ორგანიზატორი სწორედ "უკვდავი პოლკის" ქართული ანალოგი "საქართველოს უკვდავი ჯარი" იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ წინასწარ გამოქვეყნებული გაფრთხილების მიუხედავად, მათ ვაკის პარკამდე მსვლელობის დროს და ვაკის პარკში აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკა მაინც გამოიყენეს. 

ვაკის პარკში კრემლისტების აქციას კონტრაქციით შეხვდნენ მოქალაქეები და ორგანიზაცია "რუსეთი ოკუპანტია". შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის კონტრაქციის მონაწილეებიც. 

კომენტარები