მასობრივი ტესტირება

ევ. საქართველო: ჩაატარეთ მასობრივი ტესტირება ანტისხეულებზე, სრული სურათის და სტრატეგიისთვის

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, სრული ეპიდემიოლოგიური სურათის დასადგენად, ჩაატაროს მასობრივი ტესტირება, როგორც ინფიცირების, ასევე ადამიანებში ვირუსის ანტისხეულების გამოსავლენად.

პარტიაში ამბობენ, რომ სრული ეპიდემიოლოგიური სურათის დადგენა და იმის ცოდნა, აქვს თუ არა მოსახლეობის ნაწილს გამომუშავებული იმუნიტეტი ვირუსის მიმართ, აუცილებელია სამომავლო სტრატეგიის განსასაზღვრად, მათ შორის, ეკონომიკის კუთხით.

ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მაგალითად, აშშ-სა და გერმანიის გამოცდილება, სადაც ანტისხეულების გამოსავლენად ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი ბევრ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს.

პარტიის წევრების აზრით, აუცილებელია:

1) სანდო (აშშ-სა და გერმანიაში აპრობირებული) ტესტების შეძენა;

2) ყველა დიდ ქალაქსა და კარანტინის ზონებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, როგორც ანტისხეულებზე, ისე პისიარით;

3) ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტში ანტისხეულებისა და პისიარ ტესტების გათვალისწინება, რათა ყველა მოქალაქემ შეძლოს კორონავირუსზე საკუთარი თავის გადამოწმება.

"იმის დადგენა, დაახლოებით რამდენმა ადამიანმა გადაიტანა უკვე კორონავირუსი, საშუალებას მოგვცემდა, სწორად დაგვეგეგმა ეპიდემიასთან ბრძოლის სამომავლო სტრატეგია შესაძლო 'მეორე ტალღის' განვითარების შემთხვევისთვის, ასევე სამომავლოდ ეკონომიკის სრული ამოქმედებისთვის" - ამბობს გიგი წერეთელი.

პარტიის კიდევ ერთი წევრი, ოთო კახიძე, ამბობს, რომ ხელისუფლება სრული ეპიდემიოლოგიური სურათის ცოდნის გარეშე საუბრობს საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებასა და მოსალოდნელ ახალ ტალღებზე.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად აამოქმედოს ეკონომიკა - შესაბამისი პირობების დაცვით, დაეხმაროს უშემოსავლოდ დარჩენილ მოქალაქეებს და სრული ეპიდემიოლოგიური სურათის დასადგენად, ჩაატაროს მასობრივი ტესტირება როგორც ინფიცირებაზე, ასევე ანტისხეულებზე," - ამბობს ოთო კახიძე.

7 მაისის მონაცემებით, საქართველოში PCR ტესტი 25 861 ადამიანს აქვს ჩატარებული. გამოვლენილია 623 დადატურებული შემთხვევა, 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები