ისრაელი

ისრაელის პარლამენტმა ნეთანიაჰუს და განცის ერთობლივ მთავრობას მხარი დაუჭირა

ბენიამინ ნეთანიაჰუ / ბენი განცი

ისრაელის პარლამენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს და ბენი განცის ერთობლივ მთავრობას მხარი დაუჭირა. მომხრე იყო 71 კანონმდებელი, წინააღმდეგი - 37. კოალიციური მთავრობა მუშაობას 13 მაისიდან შეუდგება. ნეთანიაჰუ პრემიერმინისტრის პოსტზე კიდევ 18 თვის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი, მას ბენი განცი შეცვლის.

კოალიციური მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს სასამართლში. ოპონენტებს მიაჩნდათ, რომ ნეთანიაჰუ მთავრობაში არ უნდა დარჩეს, რადგან მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით საქმეა აღძრული. მათი თქმით, ამგვარი კოალიციური მთავრობა კანონს არღვევდა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობის ფორმირების წინააღმდეგ სამართლებრივი მიზეზები არ არსებობს. სასამართლომ განმარტა, რომ ნეთანიაჰუს საქმე მის პროცესზე უნდა გადაწყდეს, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო და 24 მაისს არის ჩანიშნული.

2018 წლის დეკემბრის შემდეგ ისრაელს სტაბილური მთავრობა არ ჰყავს. ქვეყანაში სამი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. თავდაპირველად, ბენი განცი ნეთანიაჰუსთან ერთად მთავრობის შექმნაზე უამბობდა და მიზეზად სწორედ კორუფციის ბრალდებებს ასახელებდა. საბოლოოდ კი, მან თქვა, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო აუცილებელია, შეიქმნას მთავრობა, რომელიც საგანგებო სიტუაციისას ქვეყანას მართავს.

ისრაელში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 16,289 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 238, გამოჯანმრთელდა - 10,465 ადამიანი.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. სასამართლო პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა, პოსტი დატოვოს. მას მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები