რუსეთი

მოსკოვის მერი: რეალურად დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 300 000-მდეა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის, თქმით, მოსკოვში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რეალური რიცხვი 300 000-მდეა. 

სობიანინის თქმით, სკრინინგული დიაგნოსტირების მონაცემები აჩვენებს, რომ ამ დროისთვის მოსკოვის მოსახლეობის 2-დან 2.5%-მდე ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული. 

"ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გამოვავლინოთ ეს ადამიანები. რისთვის? რათა ისინი ჩავსვათ კარანტინში, რომ სხვები არ დააინფიცირონ, თავისი მეზობლები, თუ კოლეგები სამსახურში. თუკი აუცილებელია, გამოვუწეროთ მათ ამბულატორიული მკურნალობა, რათა მათი მდგომარეობის დამძიმებამდე არ მივიდეთ", - თქვა სობიანინმა. 

მერი ასევე ამბობს, რომ მოსკოვში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებების რაოდენობა გაორმაგდა. 

რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 177 160 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 000-ზე მეტი - მოსკოვში. ახალი კორონავირუსით 1 625 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 905 - დედაქალაქში. 

ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი კორონავირუსი 11 231 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში დადასტურებულ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, რუსეთმა ინფიცირებულების რაოდენობით გერმანიასა და საფრანგეთს გადაუსწრო. 

6 მაისს ახალი კორონავირუსი რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლღა ლიუბიმოვას, დაუდასტურდა. ინფიცირებულია რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინიც. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევსაც.

კომენტარები