აგრარული ბაზრები

გლდანის აგრარული ბაზარი გაიხსნა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გლდანის აგრარული ბაზარი გაიხსნა.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის თქმით, გლდანის ბაზარში ვაჭრობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. 

კვერნაძის თქმით, ბაზრის შესასვლელში არის დეზობარიერი, ასევე, შესასვლელში მომხმარებლებს ურიგდებათ პირბადეები. მისივე ინფორმაციით, დაცულია სოციალური დისტანცია.

კვერნაძის ინფორმაციით, დღეისთვის თბილისში 12 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. 

"ყოველდღიურად ხდება ბაზრებისთვის რეკომენდაციების მიცემა. შესაბამისად, ყოველდღიურად ველოდებით იმ ბაზრების სრულად ფუნქციონირების განახლებას, რომლებიც თბილისის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელებამდე ფუნქციონირებდა", - თქვა კვერნაძემ. 

გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება 3 მაისს გაიხსნა. 

ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო. ეს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებაა. თუმცა, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, ქვეყანაში არაერთი ბაზარი ამ დრომდე არ არის გახსნილი.

კომენტარები