აგრარული ბაზრები

ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა.

როგორც სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბაზრის შესასვლელში ტარდება თერმოსკრინინგი, მოწყობილია დეზობარიერი, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი. ამასთან, მომხმარებლები ტერიტორიაზე პირბადეებით გადაადგილდებიან და კონტროლდება, რომ მათ შორის დაცული იყოს ორმეტრიანი დისტანცია.

ბაზრის გახსნამდე კი ჩატარდა ტერიტორიის დეზინფექცია და დახლები დისტანციის დაცვით განთავსდა.

ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო. ეს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა. თუმცა, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, ქვეყანაში არაერთი ბაზარი ამ დრომდე ვერ გაიხსნა.

კომენტარები