კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID-19-ის სამკურნალოდ

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალ კორონავირუსთან გასამკვლავებლად მსოფლიოში ერთ-ერთი ახალი მიდგომა "პაციენტის სისხლში ციტოკინების და სხვა ანთებითი მედიატორების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას პლაზმაფერეზის და/ან ექსტრაკორპორული "სისხლის გაწმენდის" საშუალებით სხვადასხვა ფილტრებისა და სორბენტების გამოყენებით".

მისივე თქმით, ციტოკინები და ანთების მედიატორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ Covid-19-ის დაავადებაში და ხშირად დაავადების სიმძიმესაც განაპირობებენ. ამიტომ, ცერცვაძის თქმით, სისხლში მათი რაოდენობის შემცირება ერთ-ერთ პერსპექტიულ მიდგომად ითვლება ვირუსთან ბრძოლაში.

"ა.წ. 10 აპრილს, აშშ FDA-იმ გასცა ნებართვა ე.წ. "ექსტრაკორპორული სისხლის გაწმენდის" მეთოდების გამოყენებაზე 18 წელზე მეტი ასაკის მქონე COVID-19-ის მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც მოთავსებულნი არიან ინტენსიური თერაპიის
ბლოკში.

ავადმყოფი - კ.ა. მამაკაცი, 60 წლის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში შემოვიდა COVID-19-ის დიაგნოზით ა.წ. 1 აპრილს. შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, ძლიერი ადინამია, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა. რადიოლოგიურად დაფიქსირდა ორმხრივი ფილტვების ანთება და რიგი სერიოზული გადახრები ლაბორატორიული კვლევებით. პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით),
ანტიბიოტიკებით, ფრაქსიპარინით და სხვ. მკურნალობის პროცესში ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და სხვა. სისხლისა და ნახველის
ბაქტერიოლოგიური კვლევით ბაქტერიული კულტურის ზრდა არ დაფიქსირდა. ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ჩაითვალა, რომ პაციენტის დამძიმების მიზეზი იყო ე.წ. "ციტოკინური შტორმი", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, პაციენტს 13 აპრილს პლაზმაფერეზის პირველი პროცედურა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ ოდნავ გაუმჯობესდა. 18 აპრილს პაციენტს მეორე პროცედურა ჩაუტარდა, რის შემდეგაც, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ავადმყოფის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

26 აპრილიდან მას არანაირი კლინიკური სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა. 1 და 2 მაისს 24 საათის ინტერვალით ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალაში SARS-CoV-2-ის რნმ-ზე პჯრ კვლევით მიღებული იქნა უარყოფითი შედეგი, რის შემდეგაც პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გაჯანმრთელებულ მდგომარეობაში.

აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ
ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები