კორონავირუსი

პომპეო: ჩინეთს მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეეძლო

მაიკ პომპეო
REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ჩინეთს მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა კომუნისტურმა ქვეყანამ ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვა არჩია და ის დღემდე ასე იქცევა.

პომპეოს განაცხადებით, ჩინეთმა ვუხანში ვირუსის გავრცელება დამალა, მისმა ეროვნულმა  ჯანმრთელობის კომიტეტმა 3 იანვარს ვირუსის ნიმუშების განადგურების ბრძანება გასცა, მამაცი ჩინელი მოქალაქეები კი, რომლებიც საზოგადოებას აფრთხილებდნენ, გააქრო. კომუნისტური ქვეყანა პროპაგანდისტული ორგანოებით უპირისპირდებოდა მათ, ვინც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა.

მან აღნიშნა, რომ ჩინეთი კვლავ უარს აცხადებს იმ ინფორმაციის გაზიარებაზე, რაც ადამიანების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია - "ისეთ [ინფორმაციაზე], როგორიცაა ვირუსის ნიმუშები, კლინიკური ნიმუშები და დეტალები კორონავირუსის მქონე 29 დეკემბრის მრავალ პაციენტზე, რომ არაფერი ვთქვათ პაციენტ 0-ზე".

პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს ამ დრომდე არ აქვს ნიმუშებზე წვდომა და ეს არ არის ის შემთხვევა, რომ თითქოს რაღაც მომენტში ჩინეთს სწორად მოქმედება არ შეეძლო:

"ისინი კვლავ არ არიან გამჭვირვალეები, ისინი კვლავ უარს გვეუბნებიან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომაზე, რაც ჩვენ მკვლევარებს, ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ. და რაც მთავარია, ეს შესაძლოა, კიდევ განმეორდეს".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უარყოფს ბრალდებას, რომ თითქოს, აშშ ჩინეთს ჩაგრავს. მისი განცხადებით, აშშ ჩინეთისგან ითხოვს იმას, რასაც ყველა სხვა ქვეყნისგან ითხოვს - "იყავი გამჭვირვალე, იყავი ღია, სანდო პარტნიორი".

როგორც პომპეომ აღნიშნა, ჩინეთი ამბობს, რომ თანამშრომლობა სურს - "მშვენიერია. თანამშრომლობა ქმედებაზეა [დამოკიდებული]".

მან განაცხადა, რომ მხოლოდ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შეუძლია ვირუსის შესახებ ზემოთთქმულ დეტალებზე პასუხების გაცემა - "თუ მათ ტექნიკური დახმარება სურთ, ჩვენ სიხარულით დავეხმარებით. მსოფლიოს ამ კითხვებზე პასუხები სჭირდება არა მხოლოდ ახლა, არამედ იმისთვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რისკებს შევამცირებთ, რომ რაღაც ამგვარი კიდევ ოდესმე შესაძლოა განმეორდეს".

--------------------

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობაზე, რომელიც ე.წ. ვუხანის სველი ბაზრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე, მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მრავალი მტკიცებულება არსებობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ის დაზვერვის მიხედვით, მეცნიერული კონსესუსია იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული არ არის.

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ აშშ "ძალიან სერიოზულად" იძიებს ახალი კორონავირუსის ვუხანის ლაბორატორიასთან კავშირს. 

1-ელ მაისს პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, ამ ეტაპზე ჰქონდა თუ არა ნანახი რაიმე მტკიცებულება, რაც მას აძლევდა საფუძველს, ეთქვა, რომ ვირუსის წყარო ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი იყო, რაზეც მან უპასუხა - "კი, ნანახი მაქვს".

ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

აღსანიშნავია, რომ AP აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ჩინეთი დაავადების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდა, რათა სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი შეექმნა.

კომენტარები