კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

კორონავირუსზე ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი კარანტინის წესების დარღვევის გამო გადადგა

ნილ ფერგიუსონი
IMPERIAL COLLEGE LONDON

კორონავირუსზე ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი პროფესორი ნილ ფერგიუსონი კარანტინის ზომების დარღვევის გამო გადადგა. მისი თქმით, ნანობს, რომ სოციალური დისტანცირების გზავნილს საკუთარი ქმედებით საფუძველი შეურყია.

"ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი და არასწორად მოვიქეცი. ვმოქმედებდი იმ რწმენით, რომ იმუნური ვიყავი, რადგან ვირუსი დამიდასტურდა და სიმპტომების გაჩენის შემდეგ 2 კვირა თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი. ვნანობ, რომ საფუძველი შევურყიე გზავნილს, რომ სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია", - თქვა მან.

ფერგიუსონის გადადგომის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მას კარანტინის დროს სახლში საყვარელი ეწვია.

ფერგიუსონმა, მრჩევლის პოზიციაზე ყოფნისას, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ურჩია, ბრიტანეთში კარანტინი შემოეღო, რაც სახლში დარჩენას მოიცავდა. მისი მოწოდებით, პარტნიორებს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ, ერთმანეთის ნახვისაგან თავი უნდა შეეკავებინათ. ამის შემდეგ, 23 მარტს ბორის ჯონსონმა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყანაში შეზღუდვები შემოიღო.

ფერგიუსონის გათვლებით, მკაცრი ზომების გარეშე ვირუსის გამო 250,000-მდე ადამიანი დაიღუპებოდა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი 194,990 ადამიანს დაუდასტურდა. დაიღუპა 29,427 ადამიანი, რაც ევროპის ქვეყნებს შორის Covid-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები