კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: დეკემბერ-იანვრის ნიმუშები ხელახლა გავტესტეთ, კორონავირუსი არ გამოვლენილა

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, NCDC-მა დეკემბერ-იანვარში გამოკვლეული პაციენტების ნიმუშები ხელახლა გატესტა, თუმცა, არც ერთ მათგანში ახალი კორონავირუსი არ აღმოუჩენიათ. მან Facebook Live-ში, ამირან გამყრელიძესთან ერთად ჩართვისას აღნიშნა, რომ საქართველოში თებერვლის ბოლომდე Covid 19 არ გამოვლენილა.

"დეკემბრიდან მოყოლებული, ყველა ნიმუში, რომელიც ტესტირებული იყო გრიპზე, შემდგომში გაიტესტა Sars-Cov 2 ვირუსზე და არც ერთ მათგანში, თებერვლის ბოლომდე, კორონავირუსი არ დაგვიჭერია, არ გამოვლენილა. ეს არის ერთერთი მტკიცებულება იმის, რომ მანამდე ჩვენს ქვეყანაში Sars-Cov 2 ვირუსი არ ყოფილა" - თქვა ზახაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მდებარე ჟინ ვერდიერის სახელობის საავადმყოფოში, პნევმონიით დაავადებული ძველი პაციენტების ნიმუშები ხელახლა გატესტეს და აღმოაჩინეს, რომ 27 დეკემბერს პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში შესულ ადამიანს ახალი კორონავირუსი ჰქონდა.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა, ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა.

კომენტარები