ეზუგბაია: 1 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

"შეიძლება ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევების დინამიკით, მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია. ალბათ, ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით, ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულია, მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება", - თქვა ეზუგბაიამ.  

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - მათ მძიმე პნევმონია აქვთ. 

"მათი მდგომარეობა სტაბილურია. უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება გვეუბნება, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და, ალბათ, მძიმე ფორმებიდან გადავლენ საშუალო სიმძიმის ფორმებში", - თქვა მან.

ექიმის ინფორმაციით, გუშინ კლინიკაში ინფიცირებული ახალი პაციენტი არ შეუყვანიათ. ეზუგბაიას ცნობით 11 ახალი შემთხვევიდან 10-ის ინფიცირების წყარო ბოლნისია, 1-ის კი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ინფექციურ საავადმყოფოში 57 პაციენტია, მათგან 54 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, 3 კი შესაძლო შემთხვევაა და მათი კვლევა მიმდინარეობს.

ეზუგბაიამ ასევე თქვა, რომ N5 პაციენტი, რომელსაც COVID-19 საქართველოში ერთ-ერთ პირველს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები