კორონავირუსი გერმანიაში

კვლევის წინასწარი შედეგებით, გერმანიაში, შესაძლოა, 10-ჯერ მეტი ადამიანი იყოს ინფიცირებული

ბონის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, გერმანიაში კორონავირუსის ინფექციის მაჩვენებელი შესაძლოა, დღეისთვის ცნობილ რიცხვზე 10-ჯერ მეტი იყოს. 

კვლევის ფარგლებში, გუნდმა ჰაინსბერგის მუნიციპალიტეტის ქალაქში მცხოვრები, შემთხვევით შერჩეული 919 ადამიანის სისხლის ანალიზი და ნაცხი შეისწავლა. მათ ადგილობრივი ნიმუშის გაცილებით დეტალური გამოკითხვები და ტესტირება ჩაატარეს. მკვლევარები ცდილობდნენ, დაედგინათ, თუ რამდენი შემთხვევა იყო ამ რეგიონში ან უსიმპტომო, ან სუსტად მიმდინარე. 

მკვლევარების თქმით, მათი ანალიზით, გერმანიაში მცხოვრები 1,8 მილიონი ადამიანი დაავადდა ან დაავადებულია კორონავირუსით, მაშინ როცა, მხოლოდ 165 000 დადასტურებული შემთხვევაა ცნობილი. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ 5 დაავადებულიდან 1-ს სიმპტომები არ აღენიშნება.

Guardian-ის ცნობით, მკვლევარები ამბობენ, რომ ამ დროისთვის კვლევის წინასწარი შედეგებია გამოქვეყნებული და საჭიროა, რომ ის სხვა მეცნიერებმაც შეაფასონ. 

"კვლევის შედეგებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელების გამოსათვლელი მოდელების გაუმჯობესებას. მონაცემები, რომლებიც ჯერჯერობით გაგვაჩნია, სუსტია", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გიუნტერ ჰარტმანი.

გერმანიაში ამ დროისათვის, ახალი კორონავირუსის 165 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 6866 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 132,700 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები