მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

კორონავირუსის პანდემიის გამო უორენ ბაფეტის კომპანიამ $48 მილიარდი იზარალა

კორონავირუსის პანდემიის გამო, უორენ ბაფეტის კუთვნილმა ფონდმა Berkshire Hathaway-მ 47,9 მილიარდი დოლარი იზარალა, რაც 2019 წელს მიღებული მთლიანი მოგების 20%-ს აღემატება. ინფორმაცია ამის შესახებ საინვესტიციო ფონდის საიტზეა განთავსებული. 

საუბარია 2020 წლის პირველ კვარტალზე, რა დროშიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ აქციათა პორტფელის მოცულობა 55 მილიარდი დოლარით შემცირდა, ხოლო უშუალოდ Berkshire Hathaway-ის აქციების ფასი - 19%-ით დაეცა. 

ყველაზე მეტად ფონდის პორტფელში არსებული BNSF, Precision Castpart-ის აქციები დაეცა. კომპანია სხვადასხვა ინდუსტრიული და ენერგეტიკული კომპანიებისთვის საჭირო პროდუქციას ამზადებს. 

უორენ ბაფეტის თქმით, მთელი ცხოვრება მაღალშემოსავლიან აქტივებს ეძებდა, თუმცა ასეთი აქტივების მაღალ ფასად შეძენას ეწინააღმდეგებოდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფონდმა აქტიური ინვესტირება შეაჩერა და ძირითადად ნაღდი ფულის მარაგების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. 

მოცემულ პერიოდში კომპანიის ნაღდი ფულის მარაგი 10 მილიარდი დოლარიდან რეკორდულ 137 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ ჯამურად სულ 3,5 მილიარდი დოლარის ფასიანი ქაღალდები შეიძინა. ამავე პერიოდში კომპანიის საოპერაციო მოგება 5%-ით, თითქმის 6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 

უორენ ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი ინვესტორია. Forbes-ის მონაცემებით, ბაფეტის ქონება 72 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ მაჩვენებლით ბაფეტი ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში მეხუთე ადგილს იკავებს.

კომენტარები