მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ქონება რეკორდულ 172 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
აქამდე ბეზოსის პირადი აქტივების მოცულობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს 2018 წლის სექტემბერში მიაღწია, მაშინ Amazon-ის დამფუძნებლის ქონება 167 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. ამგვარი ზრდა Amazon-ის აქციების გაძვირებით იყო გამოწვეული - პირველი ივლისის მიწურულს, კომპანიის ერთი აქციის ფასი 4%-ით გაიზარდა და 2 878 დოლარს გაუტოლდა.
ბეზოსი კომპანიის აქციების 11%-ს ფლობს, მხოლოდ მიმდინარე წელს ბეზოსის ქონება 56.7 მილიარდი დოლარით გაიზარდა. პარალელურად გაიზარდა, ბეზოსის ყოფილი ცოლის, მაკკენზი ბეზოსის ქონების მოცულობაც, რომელმაც განქორწინების შემდეგ კომპანიის აქციათა 4% მიიღო. ამ დროისთვის მაკკენზი ბეზოსის ქონება 57 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მაისში გამოქვეყნდა ანალიტიკური ორგანიზაცია Comparisun-ის პროგნოზიც, რომელიც მიხედვითაც 2026 წლისთვის ბეზოსი შესაძლოა ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბეზოსის ქონება საშუალოდ 34%-ით იზრდებოდა, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2026 წელს ბეზოსის ქონება ტრილიონ დოლარს გადააჭარბეს.
მილიარდერები, რომლებმაც მიმდინარე წელს საკუთარი ქონება საგრძნობლად გაზარდეს, ძირითადად მაღალი ტექნოლოგიების სექტორში საქმიანობენ. ჯამურად, მიმდინარე წელს უმდიდრესი ადამიანების ქონება 434 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მათ შორის SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება 48%-ით გაიზარდა.