მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

5 უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის ჯამურმა ღირებულებამ $5 ტრილიონს გადააჭარბა

მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში უმსხვილესმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უახლესი ფინანსური ანგარიშები გამოქვეყნეს, კომპანიების ჯამურმა ღირებულებამ პირველად ისტორიაში 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ლაპარაკია ხუთ ტექნოლოგიურ გიგანტზე. ესენია: Apple, Amazon, Alphabet [Google], Facebook, და Microsoft. კომპანიებს საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდას ხელი ვერ შეუშალა, აშშ-ს კონგრესის ანტიმონოპოლიური კომიტეტის სხდომამ, რომელზეც ამავე კომპანიის მმართველები კომიტეტის კრიტიკულ შეკითხვებს პასუხობდნენ.

საქმე ისაა, რომ აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აგრესიული ზრდა და კონკურენციის შეზღუდვა აწუხებთ და მსგავსი კომპანიების რეგულირების საკითხს განიხილავენ. კონგრესში მიიჩნევენ, რომ კომპანიები გარკვეულწილად მონოპოლიებს წარმოადგენენ, რაც კონკურენციასთან ერთად მომხმარებელსაც აზარალებს.

ამის მიუხედავად, მოსმენიდან რამდენიმე საათში ხუთივე კომპანიის ჯამური ღირებულება 178 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის მიზეზი კი მოსალოდნელზე უკეთესი ფინანსური მაჩვენებლებია. 

სიის ლიდერი კი Apple გახდა, კომპანიის შემოსავლები წლის მეორე კვარტალში 11%-ით გაიზარდა და 60 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, რის შედეგადაც Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიაში საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიას, Saudi Aramco-ს გადაუსწრო. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.8 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ გაიზარდა Amazon-ის შემოსავლებიც და გადასახადების გადახდის შემდეგ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ანალიტიკოსების პროგნოზით, კომპანიის მოგება პანდემიასთან დაკავშირებული ზომების მიღების გამო მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო. ამავე პერიოდში კომპანიის შემოსავლები 40%-ით გაიზარდა და 89 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

11%-ით გაიზარდა Facebook-ის შემოსავლები და ჯამურად 18.7 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, როდესაც ანალიტიკოსები 3%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. ისტორიაში პირველად შემცირდა Google-ის მფლობელი კომპანიის Alphabet-ის გაყიდვები, თუმცა კლება შედარებით უმნიშვნელო იყო და მხოლოდ 2% შეადგინა, ანალიტიკოსები უფრო საგრძნობ კლებას პროგნოზირებდნენ. 

13%-ით გაიზარდა სიის მეხუთე მონაწილის, Microsoft-ის შემოსავლები და ჯამურად 38 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. დაფიქსირებულმა ზრდამ ანალიტიკოსების პროგნოზს თითქმის 3 მილიარდი დოლარით გადააჭარბა.

საყურადღებოა, რომ ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ფინანსური ანგარიშები სწორედ იმ დღეს გამოაქვეყნეს, როდესაც ცნობილი გახდა აშშ-ს ეკონომიკის რეკორდული კლების შესახებ. წლის პირველ კვარტალთან შედარებით მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა 9.5%-ით, ხოლო  გასულიწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.9%-ით შემცირდა

პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამგვარ ფეთქებად ზრდას გარკვეული ნეგატიური ეფექტიც ახლავს. ლაპარაკია საფონდო ინდექს S&P 500-ზე, რომლის პლატფორმაზეც აშშ-ს უმხვილესი 500 კომპანიის აქციებით ვაჭრობენ. საქმე ისაა, რომ ინდექსი 20% სწორედ ამ 5 კომპანიის ფასებზეა დამოკიდებული შესაბამისად, სწრაფი ზრდის პირობებში ინდექსი ირღვევა და აღარ ასახავს აშშ-ს ეკონომიკის მდგომარეობს. 

მაგალითად, წლის დასაწყისიდან დღემდე ინდექსი 0.4%-ით არის გაზრდილი და რომ არა ეს 5 კომპანია, იგი 5%-ით შემცირდებოდა. მაგალითად, ივლისში ერთ-ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში ბირჟაზე განთავსებული კომპანიების 75% საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ჯამურად ინდექსმა მხოლოდ 0.2% მოიმატა, რაც კომპანიების პირველი ხუთეულის ფასის კლებით იყო განპირობებული.

 

 

 

კომენტარები