აჭარის ტელევიზია

MEDIA CHECKER: აჭარის ტვ-ის ჟურნალისტების მხარდასაჭერად 15-ზე მეტი არხი ეთერს 1 წუთით გათიშავს

Media Checker

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პლატფორმა Media Checker-ის ინფორმაციით, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 15-ზე მეტი ეროვნული და რეგიონული მაუწყებელი 19:00 საათზე ეთერს ერთი წუთით გათიშავს.

აქცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად დაიგეგმა.

მაუწყებლების ეკრანებზე გამოჩნდება წარწერა “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”.

აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით ტარდება. მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენებაა.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. გამართეს არაერთი საპროტესტო აქცია და აგრძელებენ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის მცდელობას.

2019 წლის 19 აპრილს არხის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს ნათია კაპანაძე, რომელიც მაუწყებელს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. მის ნაცვლად გიორგი კოხრეიძე დანიშნეს, თუმცა ამისთვის მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე თვე დასჭირდა. კონკურსი 4-ჯერ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო.

სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. კოხრეიძისვე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებდა, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. თანამდებობის დატოვება მასაც მოუწია.

13 მარტს სამსახურიდან გაათავისუფლეს წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელიც აქტიურად აპროტესტებდა გიორგი კოხრეიძის მიერ ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს. კოხრეიძემ ბაკურიძის გათავისუფლების მიზეზად "თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა" დაასახელა.

ასევე, 11 აპრილს აჭარის ტელევიზიის ონლაინ სამსახურს ახალი ამბების სამსახური გამოეყო და მის ხელმძღვანელად ნინო ხაჟომია დაინიშნა. გადაწყვეტილება გიორგი კოხრეიძემ მიიღო.

კომენტარები