კორონავირუსი გერმანიაში

შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, გერმანიაში ზოგიერთი ეკლესია გაიხსნა, თუმცა ახალი წესებით

მარტში შემოღებული შეზღუდვების შემდეგ პირველად, კვირა დღის ღვთისმსახურებისთვის, გერმანიის ზოგიერთი ეკლესია გაიხსნა.

შერზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება და მსახურება კორონავირუსამდელი წესებისგან განსხვავებულად ტარდება.

მორწმუნეები ვალდებულნი არიან, ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია. დაუშვებელია ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტი, მათ შორის, ტრადიციული მისასალმებელი ხელის ჩამორთმევა. აკრძალულია გალობა. შეზღუდულია მსახურებაზე დამსწრეების რაოდენობაც. ზიარებისას პირბადის ტარება სავალდებულოა სასულიერო პირებისთვისაც.

მაგალითად, ევროპაში უდიდესმა კელნის საკათედრო ტაძარმა სპეციალური ცერემონიის ჩატარება გადაწყვიტა და მასზე მხოლოდ 122 ადამიანი მიიწვია. ეს მაშინ, როცა, ჩვეულებრივ, კათედრალს დღეში ათასობით ვიზიტორი ჰყავს.

ეტაპობრივად გაიხსნება სინაგოგებიც. მეჩეთების გახსნა 9 მაისისთვის იგეგმება. სპეციალური ჰიგიენური წესები იმოქმედებს სინაგოგებსა და მეჩეთებშიც.

რელიგიური ლიდერები მარტის თვეში მხარს უჭერდნენ ქვეყნის ჩაკეტვას, თუმცა შემდეგ, მაღაზიების გახსნასთან ერთად, მსახურების ჩატარების უფლების აღდგენა მოითხოვეს.

მაღაზიებისთვის შეზღუდვები 20 აპრილიდან შემსუბუქდა.

გასულ კვირაში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ ნელნელა ქვეყანაში გაიხსნება სალოცავები, ზოოპარკები, მუზეუმები და საბავშვო მოედნები.

6 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე სკოლებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის და სპორტული დარბაზებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯელებენ.

ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული სასტუმროებისა და რესტორნების გახსნის თაობაზე. 

გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 163 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 7000-ზე ნაკლები ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ გერმანიას, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან და აშშ-სთან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი აქვს.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნადაა შენელებული - რობერტ კოხის დაავადების კონტროლის ინსტიტუტის ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების მაჩვენებელი 0.7-მდე დაეცა. ეს იმას ნიშანვს, რომ თუ გერმანიაში პირი დაინფიცირებულია, ის საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს.

კომენტარები