რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტაძარში მოზაიკა, სადაც პუტინია გამოსახული, აღარ განთავსდება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მშენებარე ეკლესიაში მოზაიკა, სადაც ვლადიმერ პუტინია გამოსახული აღარ განთავსდება.

26 აპრილს პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ პუტინმა მოზაიკის შესახებ იცოდა, თუმცა მისი საქმიანობის ასეთი გამოსახულებით შეფასება ნაადრევად მიიჩნია:

"როდესმე მადლიერი მომავალი თაობა დააფასებს ჩვენს მიღწევებს, თუმცა ახლა ამის გაკეთება ძალიან ნაადრევია," - განცხადა პესკომა.

რუსულ მედიაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ გამოსახულება უკვე მოხსნეს.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსის სტეფანეს განცხადებით, "ასეთია ქვეყნის მეთაურის სურვილი".

მოზაიკაზე პუტინთან ერთად გამოსახულნი არიან რუსეთის თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი სერგეი შოიგუ, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი.

ეპისკოპოსმა სტეფანმა განაცხადა, რომ ნამუშევარს ახლა უკვე ცვლიან.

ეს მოზაიკა ერთერთი საკამათო საკითხი რამ არ არის ამ ეკლესიაში. ეკლესიაში გამოსახულია საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის პანო.

რუსეთის საპატრიარქოს კულტურის საბჭოს წევრი, ლეონიდ კალინინი ამბობს, რომ საპატრიარქოს საბჭომ სსრკ-ს ყოფილი მმართველის გამოსახულების განთავსება ლოგიკურად მიიჩნია, რადგანაც ეს ასახავს ისტორიულ სიმართლეს. კალინინის თქმით, არავის აქვს უფლება ისტორიული სიმართლიდან საკუთარი შეხედულებით "ფურცლები ამოხიოს."

ერთ პანოზე განთავსდება 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმის გამოსახულებაც, რომელსაც იოსეფ სტალინი იბარებს. ერთ-ერთ პანოზე იკითხება წარწერა "Крым наш" [ყირიმი ჩვენია]. 

კალინინმა განაცხადა, რომ ეკლესიის კედლებზე ცალკე პანო "ყირიმის უსისხლო შემოერთებას" მიეძღვნება. ამ პანოზე გამოსახული იქნება ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროცესში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ეკლესია პარკ პატრიოტში მდებარეობს და მისი გახსნა 9 მაისს იგეგმება. შენობის სიმაღლე 95 მეტრია, რის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. 

კომენტარები