გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე: შეიძლება, რუსეთს აქვს თეთრი ან შავი შური

ამირან გამყრელიძე
NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმის მიზეზი რთული ასახსნელი არ არის.  გამყრელიძემ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ იმედის ეთერში ისაუბრა. მისი აზრით, რუსეთს კორონავირუსის სტატისტიკის გამო საქართველოსი "თეთრი ან შავი შურით" შურს, ასევე, ღიზიანდება - რატომ თანამშრომლობს საქართველო აშშ-სთან და რატომ არ არის დამოკიდებული რუსეთზე. 

"ჩვენი ჩრდილოელი დიდი მეზობელი პერიოდულად სხვადასხვა მიზეზის გამო და ძირითადად, ეს მიზეზი პოლიტიკურია, ააქტიურებს ლუგარის ლაბორატორიის საკითხს.

რატომ ახლა? ალბათ, ერთერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად განიხილება.

მე არ ვიცი, როგორ წავა მომავალში ჩვენთან პროცესი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აქამდე შედარებით ნაკლები დაზიანებით მოვედით, თუნდაც რუსეთთან შედარებით, რომელმაც შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გადააჭარბა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. ასევე, სადიაგნოსტიკო საშუალებები არ ყოფნით.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გარკვეული გინდა თეთრი, გინდა შავი შური" - ამბობს გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ მთავარი მაინც პოლიტიკური ელემენტია.

"[რუსეთი ბრაზობს] რატომ არის ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი აშშ და რატომ აირჩია ჩვენმა ქვეყანამ ევროატლანტიკური მიმართულება. რატომ არ ვართ დამოკიდებული ისევ [რუსეთზე]. 

ლუგარის ცენტრის სამი ლაბორატორია, ადრე, 90-იან წლებამდე, სრულად იყო დამოკიდებულები რუსეთზე. მაგალითად, რესპირაციული ვირუსების ლაბორატორია ადრე საეჭვო სინჯებს აგზავნიდა მაშინ ლენინგრადი ერქვა, ახლანდელ სანკტ პეტერბურგში. ახლა ჩვენ ვაკეთებთ. იგივე ეხებოდა პოლიომელიტს. ეს ყველაფერი გაღიზიანებას იწვევს" - თქვა გამყრელიძემ "ქრონიკასთან" საუბარში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ლუგარის კვლევითი ცენტრი საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო.

მაგალითად, 17 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.

რუსეთის მიერ ლუგარის კვლევით ცენტრზე თავდასხმის გამო 1-ელ მაისს შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. მისი თქმით, "ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ თავდასხმები, უბრალოდ, სიცრუე და უპასუხისმგებლობაა. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ამას ვხედავ". 

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებით აღჭურვილი კვლევითი ცენტრი რუსულმა პროპაგანდამ მთავარ სამიზნედ ჯერ კიდევ იმ დროიდან ამოიღო, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს მას და რატომ ებრძვის რუსეთი, ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები