კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპი მიჩიგანის გუბერნატორს მოუწოდებს კარანტინის მოწინააღმდეგეებთან შეთანხმებას მიაღწიოს

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიჩიგანის შტატის გუბერნატორს გრეტჩენ ვიტმერს მოუწოდა კარანტინის წინააღმდეგ გამოსულ მომიტინგეებთან შეთანხმებას მიაღწიოს.

"მიჩიგანის გუბერნატორმა ცოტა უნდა დათმოს და ცეცხლი ჩააქროს. ეს ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ ისინი გაბრაზებულები არიან. მათ საკუთარი ცხოვრების დაბრუნება სურთ, უსაფრთხოდ! შეხვდით მათ, ესაუბრეთ, შეთანხმებას მიაღწიეთ", - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

კარანტინის მიუხედავად ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეთა ნაწილი აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მივიდა. ისინი შტატის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შევიდნენ. მიჩიგანი ერთ-ერთი შტატია, სადაც კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების მოთხოვნით აქციები გაიმართა.

შტატის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ფლობს. მათ სცადეს შეეჩერებინათ გუბერნატორის მოთხოვნა კარანტინის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მისი უფლებამოსილების საკითხი დაეყენებინათ. მიუხედავად ამისა ვიტმერმა საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა და 15 მაისამდე გაგრძელდება. მან თქვა, რომ 15 მაისის შემდეგ ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება.

მანამდე აქციები გაიმართა არიზონას, კოლორადოს, მონტანას და ვაშინგტონის შტატებშიც. ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. ზოგიერთ შემთხვევაში მომიტინგეები არ იცავდნენ სოციალური დისტანცირების მითითებებს და არ ეკეთათ დამცავი ნიღბები.

ტრამპმა მომიტინგეებს მხარი დაუჭირა და თქვა, რომ ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან და გუბერნატორების მიერ შემოღებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ გუბერნატორებმა შეზღუდვები ფედერალური მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით დააწესეს, რომელსაც თავად ტრამპი მეთაურობს. მიუხედავად ამისა, ტრამპი აქტიურად მოუწოდებს გუბერნატორებს, შეამსუბუქონ შეზღუდვები, როგორც კი იგრძნობენ, რომ მათი მოხსნა უსაფრთხო იქნება.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსის 1,095,304 შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 63,871, გამოჯანმრთელდა 155,737 ადამიანი. მიჩიგანის შტატში დადასტურებული დაავადების 41,379 შემთხვევა, დაიღუპა 3,789 ადამიანი.

კომენტარები