ცინარიძის დაკავება

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, ცინარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ნასვამმა ცინარიძემ ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა, ამავე დროს, ერთხელ იარაღიდანაც გაისროლა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არაარგუმენტირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ცინარიძეს პატიმრობა წარსულში მისი მაღალი თანამდებობის გამო შეუფარდეს, რომ ეს "სპეკულაციის" საგანი არ გამხდარიყო:

"გადაწყვეტილება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, უფრო მეტად დავით ცინარიძის დასჯისკენაა მიმართული. რადგან მას მაღალი თანამდებობა ეკავა და იმის გამო, რომ არ გახდეს ეს სპეკულაციის საშუალება და არ ითქვას, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ არ ხდება ყველაზე მკაცრი რეაგირება - გადაწყდა ასე. არცერთი კრიტერიუმი, რაც სახელმწიფო ბრალდებამ დაასახელა არგუმენტირებული არ იყო", - ამბობს ადვოკატი კახა ხვისტანი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარასა და და ცემას გულისხმობს.

 

კომენტარები