კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საქართველოს რემდესივირი შეკვეთილი აქვს, დიდი იმედი გვაქვს, ქვეყანას ექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს პრეპარატი რემდესივირი უკვე შეკვეთილი აქვს.

"არის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, თუმცა, ამავე დროს, ძალიან დამაიმედებელი. თუმცა, ძალიან ბევრი კვლევა მიდის ამ პრეპარატთან დაკავშირებით. საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს გილიადთან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანას ექნება", - თქვა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

გუშინ, 29 აპრილს, ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და ჯანდაცვის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა თქვა, რომ რემდესივირის ცდამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. ფაუჩის თქმით, მათ, ვისაც რემდესივირით მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელებისთვის საშუალოდ 11 დღე დასჭირდათ, პლაცებო ჯგუფების შემთხვევაში კი - 15. ეს ნიშნავს, რომ "მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია". 

ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც, არაერთი მეცნიერის აზრით, შედარებით საიმედოა, სწორედ რემდესივირია. არსებობს მოლოდინი, რომ FDA კორონავირუსის სამკურნალოდ მის გამოყენებას მალე დაუშვებს.

რემდესივირი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია გილეადმა 2015 წელს ებოლას ვირუსის სამკურნალოდ აწარმოა. ებოლას ეპიდემიას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აფეთქდა, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 50% ჰქონდა. 

16 მარტს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ საქართველოს აქვს შანსი, მიიღოს მედიკამენტი რემდესივირი, ვინაიდან მას ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “გილეადი” აწარმოებს. საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე აქვს ამ კოპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. 

მედიკამენტ რემდესივირის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები