მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

კომპანიის Alphabet კვარტლური მოგება 13%-ით გაიზარდა და $41 მილიარდი შეადგინა

Google-ის მფლობელი კომპანიის Alphabet მოგება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 13%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვარტლური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

საანგარიშო პერიოდში კომპანიის მოგებამ 41,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს დაახლოებით 5 მილიარდით აღემატება. რაც შეეხება წმინდა მოგებას, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ის უმნიშვნელოდ გაიზარდა და 6,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

შემოსავლის უდიდესი ნაწილი Google-ში განთავსებულ რეკლამებზე მოდის - ამ გზით კომპანიამ თითქმის 34 მილიარდი გამოიუმუშავა. 52%-ით გაიზარდა კომპანიის ციფრული სერვისების წყაროდან მიღებული შემოსავალიც და 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ამის პარალელურად, გაიზარდა კომპანიის ხარჯებიც და ჯამურად 33 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, იანვარ-თებერვალში სარეკლამო შემოსავალები სწრაფად იზრდებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად, კომერციულ რეკლამაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. 

"დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობთ, რომ წლის მეორე კვარტალი ჩვენი სარეკლამო ბიზნესისთვის ძალიან რთული იქნება", - თქვა რუტ პორატმა. 

გასულ წელს კომპანიის ჯამურმა მოგებამ 162 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომლის 83% Google-ის სარეკლამო სერვისზე მოდიოდა. საძიებო სისტემის დამფუძნებლებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა კომპანია Alphabet 2015 წელს დააარსეს, რის შემდეგაც მათი პროექტები ერთიან ჰოლდინგში გაერთიანდა. 

კომენტარები