კორონავირუსი საქართველოში

საქართველოს მთავრობა 30,000 სწრაფ ტესტს ყიდულობს

CNN

ჯანდაცვის სამინისტრო covid-19-ის დამდგენ 30 ათას სწრაფ ტესტს ყიდულობს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ მომზადებულ ხელშეკრულებაშია საუბარი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა დაამტკიცოს. 

დოკუმენტის მიხედვით, შეკვეთის ჯამური ღირებულება 930,000 ლარია, შესაბამისად, ერთი სწრაფი ტესტის ფასი 31 ლარს შეადგენს. სწრაფ ტესტებს სამინისტროს შპს სოლემარტი მიაწვდის, ხოლო ტესტების მწარმოებელი ჰოლანდიური კომპანია Inzek-ია. 

საქონლის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში განხორციელდება.

ცნობისთვის, გასულ თვეში საქართველომ უხარისხობის გამო უარი თქვა ჩინეთში წარმოებულ 215 ათას ცალ სწრაფ ტესტზე. 

29 აპრილს, გამთენიისას, პეკინიდან საქართველოში 52 ტონა სამედიცინო ტვირთი ჩამოიტანეს, სადაც სახელმწიფოს მიერ შეძენილი 40 ათასი PCR ტესტი და ჩინეთის მიერ ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი იდო.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ კვირიდან ტესტირება მოწყვლად ჯგუფებს უფრო ფართოდ შეეხება.

"ჩვენ ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი. კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი", - თქვა მინისტრმა.

29 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 168 ადამიანი, გარდაიცვალა - 6.

კომენტარები